saWmeli sokoebi - xaxvilo

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Руссуловые
Семейство: Сыроежковые
Род: Сыроежка
Вид: Сыроежка зеленоватая
Латинское название: Russula virescens

 

ხახვილო - (ინგ. Russula virescens) (რუს. Сыроежка зеленоватая)

სინონიმი: უცნობია.

ხახვილო (Russula virescens) ბაზიდიუმიანი სოკოა რუსულას გვარიდან და ასევე ცნობილია, როგორც მწვანე დაბზარული რუსულა, მოხატული მწვანე რუსულა ან მწვანე მყიფეფირფიტა. მისი ამოცნობა შესაძლებელია გამორჩეული ღია მწვანე ქუდით, რომლის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, ზედაპირი კი დაფარულია უფრო მუქი მწვანე ლაქებით. გააჩნია მჭიდროდ ჩალაგებული თეთრი ფერის ფირფიტები და მყარი, თეთრი ფეხი, რომელიც სიმაღლეში 8 სმ-მდე, სისქეში კი 4 სმ-მდე ზომისაა. ხახვილო მიჩნეულია საკვებად ერთ-ერთ საუკეთესო სოკოდ რუსულას გვარიდან და განსაკუთრებით პოპულარულია ესპანეთსა და ჩინეთში. მის გემოს ხშირად აღწერენ, როგორც რბილს, მოტკბოს, თხილის ან ხილის მსგავსს. წვავენ გრილზე ან ტაფაზე, თუშავენ ორთქლზე; შესაძლებელია მისი უმად ჭამაც. სოკოები მდიდრები არიან ნახშირწყლებითა და პროტეინებით და აქვთ ცხიმის დაბალი შემცველობა.

მეცნიერებისთვის ხახვილოს, როგორც სოკოს ახალი სახეობის აღწერა, 1774 წელს ჯეიკობ ქრისტიან შეფერის მიერ მოხდა. მისი გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას და ცენტრალურ ამერიკას. მისი არსებობა ჩრდილოეთ ამერიკაში დადასტურებული არ არის, ვინაიდან ხშირად ხდება მისი არევა მსგავს სახეობებთან - რუსულა პარვოვირესენსთან (Russulaparvovirescens) და რუსულა კრუსტოზასთან (R.crustosa). ხახვილო იზრდება მიწაზე ცალკე ან გაბნეულად როგორც ფოთოლმცვივან ისე შერეულ ტყეებში და ქმნის მიკორიზულ ერთობას ისეთ ფართოფოთლოვან ხეებთან, როგორებიცაა მუხა, წიფელი და ვერხვი. აზიაში ის ერწყმის ტროპიკულ და მარადმწვანე ტყეებში არსებულ ხეთა რამდენიმე სახეობას დიფტეროკარპუსის ოჯახიდან. ხახვილოს გააჩნია საკვებად ვარგის სოკოებს შორის უნიკალური ბიოქიმიის მქონე ფერმენტი - იბონუკლეაზა. მასში ასევე შედიან ბიოლოგიურად აქტიური პოლისახარიდები და ლაქატები, რომლებსაც შეუძლიათ დაშალონ ლაბორატორიებსა და ტექსტილის ინდუსტრიაში გამოყენებადი სხვადასხვა პიგმენტები.

ტაქსონომია

ხახვილო 1774 წელს პირველად აღწერა გერმანელმა ენციკლოპედისტმა ჯეიკობ ქრისტიან შეფერმა, როგორც აგარიკუს ვირესენსი (Agaricus virescens). 1836 წელს კი სოკოს ეს სახეობა რუსულას გვარს მიაკუთვნა ელიას ფრიზინმა. ნომენკლატურული ინსტიტუტის მიკობანკის მიხედვით, Russula aeruginosa და Agaricus caseosus ხახვილოს სინონიმებია. 1876 წელს კლოდ გილეტინის მიერ აღწერილი სოკოს სახეობა ალბიდოციტრინა აღარ მიიჩნევა მნიშვნელოვნად ტაქსონომიაში. როლფ ზინგერის 1986 წლის კლასიფიკაციით, ხახვილო ვირესენტინის რიგის ქვესახეობაა, სოკოთა იმ ჯგუფის, რომლებსაც ახასიათებთ ქუდის ზედაპირზე ფქვილის მსგავსი ნაწილაკების მოგდება. მოლეკულური ფილოგენეტიკური ანალიზის მიხედვით, ხახვილო ქმნიდა შტოს რუსულა მუსტელინასთან. სოკოს ეს ორი სახეობა ენათესავებოდა კიდევ ერთ შტოს, რომელშიც შედიან R. amoenicolor და R. violeipes.

ხახვილოს ეპითეტი ვირესენსი ლათინურად “გამწვანებას” ნიშნავს. ქუდისთვის დამახასიათებელმა შეფერილობამ წარმოშვა სოკოს ამ სახეობის ალტერნატიული სახელწოდებები: მწვანე დაბზარული რუსულა, მოხატული მწვანე რუსულა ან მწვანე მყიფეფირფიტა. აშშ-ს შუა ატლანტიკურ შტატებში ხახვილო ასევე ცნობილია, როგორც ობიანი რუსულა.

აღწერილობა

როგორც მიკოლოგიის ენთუზიასტი ანტონიო კარლუჩო აღწერდა, ხახვილო “მაინცდამაინც სასიამოვნო შესახედაობის არ არის”. მისი ქუდი, თავდაპირველად, გუმბათოვანი ან ცილინდრული ფორმისაა, ხოლო ასაკთან ერთად იზნიქება და სწორდება. მისი დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს. ქუდის ცენტრი ხშირად შეჭეჭყილია, გარსი მწვანე ფერის, ცენტრისკენ უფრო მუქია და დაფარულია ასევე მწვანე ფერის ლაქებით, რომლებიც არეოლირებულ სტრუქტურას ქმნიან. ქუდის გარსის შეფერილობა ხშირად განსხვავდება და ვარირებს რუხიდან ხასხასა მწვანემდე. ქუდზე ლაქების ინტენსივობაც სხვადასხვაგვარია და ის ხახვილოები, რომლებსაც ნაკლები ლაქები აქვთ, ხშირად ემსგავსებიან სხვა მწვანექუდა სოკოებს, როგორიცაა, მაგალითად, მტრედიო (R.aeruginea). ხახვილოს ქუდის ზედაპირზე არსებულ ლაქებს თეთრი ან ღია მწვანე ფონი აქვთ. თვითონ ქუდი, რომელიც, ძირითადად, მრგვალი ფორმისაა, შეიძლება იყოს დაბზარული ან დანაწევრებული. ქუდის კანი თხელია და ადვილად იფრცქვნება კიდიდან ცენტრისაკენ, მთელ რადიუსზე. ქუდის ქვედა მხარეს არსებული ფირფიტები თეთრი ან კრემისფერია და ერთმანეთთან მიჯრითაა განლაგებული. ფირფიტები, როგორც წესი, ფეხზე მიმაგრებულები არ არიან და ერთმანეთს ძარღვების საშუალებით უკავშირდებიან. ხახვილოს ფეხი ცილინდრულია, თეთრი, 8 სმ-მდე სიმაღლის და 4 სმ-მდე სიგანის. როგორც წესი, ფეხის თავი და ბოლო ერთი და იგივე სისქისაა. ფეხის ქუდთან შესართავი ხანდახან დაფარულია თეთრი ფქვილისებრი ფხვნილით. ასაკთან ერთად, ან დაზიანების შემთხვევაში, ხახვილოს ფეხი შესაძლოა, ოდნავ გაყავისფრდეს. სხვა სოკოების მსგავსად რუსულას ოჯახიდან, ხახვილოს ქსოვილი მყიფეა, რაც გამოწვეულია მისი შემადგენელი სპოროცისტული უჯრედებით, განსხვავებით სხვა ბაზიდიუმიანი სოკოებისგან, რომლებსაც ბოჭკოვანი ჰიფები გააჩნიათ.

ხახვილოს სპორები ოვალური ან ელიფსოიდურია, მეჭეჭიანი და გამჭვირვალე. სპორები გამოყოფენ თეთრ ან ღია ყვითელ სპორულ ფქვილს. სპორების სიდიდე 6-9-დან 5-7 მიკრომეტრით განისაზღვრება. მეჭეჭებს ერთმანეთთან აკავშირებს რეტიკულარული ბადე. სპორების შემცველი უჯრედები, ანუ ბაზიდიები, კვერთხისებრი ფორმისაა და მათი სიდიდე 24-33-დან 6-7.5 მიკრომეტრს აღწევს. ბაზიდიები უფერულია და თითოეულ მათგანში 2-4 სპორაა მოთავსებული. პლევროცისტიდიუმი (ბუშტისებრი უნაყოფო უჯრედები ფირფიტების ზედაპირზე) ზომით 40-85-დან 6-8 მიკრომეტრია და მკვეთრი დაბოლოებები აქვს.

მსგავსი სახეობები

რუსულა პარვოვირესენსი (Russula parvovirescens), რომელსაც აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში ვხვდებით, ხახვილოსგან თავისი აგებულებით განსხვავდება. მისი ქუდი 4-8 სმ დიამეტრია, ფეხის სიმაღლე 6 სმ-მდე, ხოლო სისქე 2 სმ-მდე აღწევს. ხახვილოსთან შედარებით, მისი ფერი უფრო მოლურჯო-მომწვანოა, ქუდის ზედაპირზე არსებული ლაქები კი უფრო დიდი. ქუდის კიდეები ხაზით არის დაბოლოებული. მიკროსკოპულად პარვოვირესენსის ქუდის ზედაპირზე არსებული უჯრედები უფრო გაბერილია, ხახვილოსი კი მოგრძო ფორმისაა. კიდევ ერთი მწვანე რუსულა სოკო არის მტრედიო (R.aeruginea), მაგრამ ეს სახეობა ხახვილოსგან თავისი პატარა ზომით და მომცრო ქუდით გამოირჩევა. რუსულას გვარს მიეკუთვნებიან აგერთვე შემდეგი სოკოები: R. heterophylla და R. cyanoxanthavar. peltereaui. რუსულა კრუსტოზას (R. crustosa) ქუდი, ხახვილოს მსგავსად არეოლირებულია, მაგრამ ნესტში ის წებოვანი ხდება და მეტად იცვლის ფერს, ის შეიძლება შეგვხვდეს წითელი, მოყვითალო ან ყავისფერი. სპორის ფქვილიც კრუსტოზას უფრო ყვითელი აქვს ვიდრე ხახვილოს. რუსულა რედოლენსის (R.redolens) ქუდი მოლურჯო-მომწვანოა და ხახვილოს ქუდისგან განსხვავებით გლუვია. რუსულა რედოლენსს არასასიამოვნო გემო და ოხრახუშის სუნი აქვს.

საკვებად ვარგისიანობა

ხახვილო რუსულას გვარში მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელად ვარგის სოკოდ. ის პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ესპანეთში. ინგლისელმა მიკოლოგმა მორდეკა კუბიტ კუკმა თავის 1875 წლის ნაშრომში შემდეგნაირად აღწერა ხახვილოს გამოყენება: “გლეხები, (მას) ჩვეულებისამებრ, ნაკვერჩხალზე ალაგებენ და შემდეგ მარილთან ერთად ჭამენ”. ხახვილო ხშირად იყიდება გამხმარ მდგომარეობაში, აზიასა და ჩინეთში მას გზისპირა მაღაზიებში იპოვით. მისი სუნი არ არის გამორჩეული, მაგრამ მის გემოს ხშირად აღწერენ, როგორც რბილს, თხილის ან ხილის მსგავსს ან მოტკბოს. ძველ სოკოს შეიძლება ჰქონდეს ქაშაყის სუნი. ხახვილოს გახმობის შემდეგ თხილის გემო ემატება. შესაძებელია მისი ორთქლზე მოთუშვა (მომზადებისას მას მწვანე ფერი ეკარგება). ორთქლზე მოთუშულ ახალ სოკოს კარტოფილის გემო დაკრავს და ძალიან უხდება ხახვს. შესაძლებელია მისი გრილზე ან ტაფაზე შეწვა, ასევე გამოიყენება უმად სალათებშიც. ახალგაზრდა ხახვილო ფერმკრთალია და ძნელია მისი ცნობა, თუმცა ხახვილოსთვის დამახასიათებელი ქუდის მოხატულობის წყალობით ის სხვა სოკოებში არ შეგეშლებათ. ხახვილოს მოკრეფისას, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა ის არ აგერიოთ მომწამვლელ შხამა სოკოში (Amanita phalloides), რომელიც ადვილად ამოსაცნობია თავისი ძირითა და საყელოთი.

მწერლის ნაცნობი მიკოფაგი ქალბატონი, რომელსაც განსაკუთრებით უკვარს ხახვილო, არასოდეს რჩება იმედგაცრუებული ტყეში ყოველდღიური სეირნობისას. სტუმარი მის სასადილოში ხშირად დაინახავს სოკოთი სავსე პატარა ჭურჭელს, რომელიც სადილებს შორის მუდმივად პირის გასასველებელს წარმოადგენს. ავტორის თქმით, თავისი ბუნებრივი ფორმითაც კი, ხახვილო “წაბლივით ტკბილია”. ეს განსაკუთრებით ეხება “ღილებს”, ანუ ახალგაზრდა სოკოებს.

დღეისათვის განსაზღვრულია ხახვილოში შემავალი სხვადასხვა საკვები ნივთიერებები. ახალგაზრდა ხახვილოს 92.5% წვენია. 100 გრ. გამხმარ ხახვილოში 365 კილოკალორიაა (1527 კილო ჯოული). ნახშირწყლები სოკოს ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელთაგან 62% მშრალ წონაშია კონცენტრირებული. ნახშირწყლების 11%-ს შაქარი წარმოადგენს. ლიპიდები ხახვილოს მშრალი ქსოვილის 1.85%-ს მოიცავს, რომელთაგან 28.78% სატურირებულია, 41.51% მონოსატურირებული, ხოლო 29.71% პოლისატურირებული.

ჰაბიტატი და გავრცელების არეალი

ხახვილოს პოვნა შესაძლებელია როგორც ფოთოლმცვენ, ისე შერეულ ტყეებში, სადაც ის სიმბიოზურ ერთობას ქმნის სხვადასხვა ხეებთან, მათ შორის მუხასთან, წიფელთან და ვერხვთან. კვლევები აჩვენებს, რომ ხახვილო ასევე ერწყმის, დიფტეროკარპუსის ოჯახის ხეების, სულ მცირე, ათ სახეობას, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში იზრდებიან. ხახვილოს შეიძლება შეხვდეთ მარტოდ, ჯგუფებად და სხვადასხვა წელს  ერთსა და იმავე ადგილზე ამოსულსაც კი. ევროპაში ხახვილო ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე ამოდის. მექსიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ხახვილო აპრილში იწყებს ამოსვლას, სანამ წვიმიანი სეზონი დაიწყება. ხახვილოს ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელების არეალი სადავო საკითხია, ვინაიდან ამ კონტინენტზე ხახვილოს მსგავსი სახეობები რუსულა პარვოვირესენსი (Russulaparvovirescens) და რუსულა კრუსტოზა (R. crustosa) იზრდება. ერთ-ერთი ავტორი იმასაც ამბობს, რომ ხახვილო მკვეთრად ევროპული სახეობაა ხოლო “რუსულა კრუსტოზა სოკოს უფრო კომპლექსური ჯიშია”. ევროპის მსგავსად, ხახვილო ფართოდ გავრცელებულია აზიაშიც, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, მალაიზია, კორეა, ფილიპინები, ნეპალი, ჩინეთი, ტაილანდი და ვიეტნამი. ხახვილო აგრეთვე აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში.

ქიმიური მახასიათებლები

ხახვილოს საკვები ნივთიერებების და მეტალების (რკინა, სპილენძი, ცინკი) მიწიდან შეწოვის დაბალი უნარი გააჩნია. საკვებ ნივთიერებათა კონცენტრაცია ხახვილოს ქუდში უფრო მაღალია, ვიდრე ფეხში. 300 გრამი ახალი ხახვილო ერთ ზრდასრულ (19-50 წლამდე) ქალს ან მამაკაცს, დღიური დასაშვები ნორმით, სპილენძის 16% მიაწვდის, 16% რკინას და 22% ცინკს. ხახვილოს ასევე ცუდად გამოსდის ტოქსინების - დარიშხანი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, თუთია - შეწოვაც.

სოკოს ბიოლოგიურად აქტიური პოლისაქარიდები კვლევის საგანს წარმოადგენს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იმუნურ სისტემაზე მათი შესაძლო მასტიმულირებელი და კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტის გამო.

ხახვილოში აღმოჩენილია იმუნური სისტემის მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ქოლესტერინისა და შაქრის დამწევი თვისებები, რაც პოლისაქარიდების დამსახურებაა. წყალში უხსნადი ბეტა-გლუკანში (RVS3-II) შემავალი სულფატები სარკომას საწინააღმდეგო თვისებებს ავლენენ, წყალში ხსნადი RVP კი, ძლიერი ანტიოქსიდანტია.

რიბონუკლეინები, რომლებიც რიბონუკლეინმჟავას ჰიდროლიზს აჩქარებენ, ერთობლივად ბევრ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ. ხახვილოს რიბონუკლეინები შვიდ სხვა საკვებ სოკოსთან შედარებით შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევიან: ისინი მაღალი სპეციფიკურობით შლიან რიბონუკლეილმჟავას ადენინად და ციტოზინად; იონმიმოცვლით ქრომატოგრაფიაში ხახვილოს რიბონუკლეინები დიეთილამინოეთილცელულოზას ცილისა და ნუკლეინის მჟავას განცალკევებაში ეხმარებიან. მჟავიანობის დონე ყველა დანარჩენ სახეობაზე დაბალი, ოპტიმალურად 4.5 აქვთ; გამოირჩევიან უნიკალური N-ტერმინალური ამინომჟავების განლაგებით. ხახვილო შეიცავს უნიკალურ ლაქატის ფერმენტს, რომელსაც შეუძლია ლაბორატორიებსა და ტექსტილის ინდუსტრიაში გამოყენებული არაერთი პიგმენტის დაშლა და რომელიც გარემოსთან ჰარმონიული დამოკიდებულებით გამოირჩევა.